„მინდა დავაფიქსირო ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში, ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ვერ უნდა მისცეს თავს იმის უფლება თქვას, რომ ის არის ყველაზე წარმატებული, სანამ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი ორი ყველაზე მტკივნეული პრობლემა. ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე. აქედან გამომდინარე, მე როგორც რიგითი მოქალაქე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივცემ მსგავს შეფასებას ქვეყანაში დღეს არსებულ სიტუაციას, როდესაც ერთი გამოწვევაც დაძლეული იქნება და მეორეც“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის განვითარების ვექტორზე მოსახლეობის აზრის გასაგებად სოციოლოგიური კვლევები არაა საჭირო და განწყობები არჩევნებზე კარგად ჩანს.
„ყველაზე კარგი, გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმები არის არჩევნები, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო, რამდენიმე რეგიონში და შედეგი ყველამ კიდევ ერთხელ დავინახეთ. ორი დღის წინ იყო საქართველოში არჩევნები და ჩვენი გუნდის მიმართ ნდობამ, საერთო ჯამში შეადგინა 60%. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 25% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 46%-ის აზრით, კი საერთო ჯამში, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
NDI-ის დაკვეთით კვლევა „CRRC-საქართველომ“ ჩაატარა. საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია.